შერმადინის 13 ქულა ლიეტუვაში მოგებულ თამაშში

0
0

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი შესანიშნავ ფორმაშია. ესპანეთის გასულ ტურში 21 ქულისა და MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ის თავის გუნდს ლიეტუვაში გამარჯვებაში.
„ლაგუნა ტენერიფე“ სტუმრად „შაულიაის“ დაუპირისპირდა და მეტოქე 15 ქულის სხვაობით — 86:71 დაამარცხა. ესპანური კლუბი ამ წყვილში თავიდანვე გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა. „ტენერიფემ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა 11-ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.
გიორგი შერმადინი შეხვედრაში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და პარკეტზე 19 წუთი და 42 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ვეტერანმა ცენტრმა სროლებში მაღალი სიზუსტე აჩვენა: 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მსგავსად, გამარჯვებულთა რიგებში 13-13 ქულა ტი ჯეი ბამბამ და ვინს ჰანტერმა დააგროვეს. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 12 ქულით კედრიკ ჰენდერსონი გამოირჩა.
ამ წარმატების წყალობით, „ტენერიფეს“ ევროთასის B ჯგუფში უკვე 6 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. გიორგი შერმადინის გუნდი ახლა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მომდევნო ტურში სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის „მორაბანკ ანდორას“ შეხვდება.