კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ტყიბულის „მეშახტემ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 2:3 დამარცხდა.
მატჩის 44-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მყოფმა თორნიკე ქურდაძემ კარის გასწცრივ ჩააწოდა და ოთო გოშაძემ ბურთი ხელებში ვერ დაიჭირა, ხოლო იქვე მდგომმა მათე კვორკვიამ ანგარიში გახსნა. 52-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან კარში დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი, რომელსაც გოშაძემ ხელი შეახო, მაგრამ ქუთაისელები ვერ გადაარჩინა.
65-ე წუთზე ტყიბულელთა ნახევარზე მყოფმა აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას შეტევაში ჩართულმა მცველმა დავით ბუკიამ აჯობა და ერთი ბურთი გაქვითა. 75-ე წუთზე ბუკიამ „მეშახტეს“ საჯარიმოში შეცვლაზე შესული ხორვატი დინო სკორუპი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ბრაზილიელი ფელიპე პირესი მასპინძლების ნახევარზე ორ მცველს გაექცა და შემდეგ კარიდან გამოსულ მეკარესაც აუარა გვერდის, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 43 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „მეშახტე“ 20 ქულით ბოლო.
ლაშა თაბაგარი





