თორნიკე შენგელია პირველი მოქმედი მოთამაშე გახდა, რომელიც „ვირტუს ბოლონიას“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. შესაბამისი ღონისძიება ევროლიგის მორიგ მატჩამდე მოეწყო, სადაც „ვირტუსი“ „დუბაის“ დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ყოფილ გუნდს სწორედ ახალი კლუბის ფორმით ეწვია. ადგილობრივმა გულშემატკივარმა თოკოს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო, რის შემდეგაც მას სპეციალური ჯილდო გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი იტალიურ გუნდში 2022-2025 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდში მან „ვირტუსთან“ ერთად 2024-25 წლების სეზონში იტალიის სერია A მოიგო, 2022 და 2023 წლებში ქვეყნის თასს დაეუფლა, ხოლო 2022 წელს ევროთასის ჩემპიონიც გახდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „დუბაიმ“ მეტოქე დამაჯერებლად, 93:75 დაამარცხა, სადაც შენგელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თორნიკე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე გატარებულ 22:39 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 5 ორქულიანი, 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი (რომელიც მესამე მეოთხედის დასრულებისას, თითქმის მოედნის ცენტრიდან ჩააგდო) გამოიყენა. ამასთან, მას 4 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა დაუგროვდა, ხოლო მეტოქეები მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ „დუბაიდან“ 10-ქულიანი ზღვარი ხუთმა მოთამაშემ გადალახა, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი — 16-16 ქულა — მფიონდუ კაბენგელესა და მაკკინლი რაიტს ჰქონდათ. ამ გამარჯვებით „დუბაიმ“ 7 მოგება და 3 მარცხი დააგროვა და მე-2–მე-7 პოზიციებს იყოფს, ლიდერ „პანათინაიკოსს“ კი მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 12 ოქტომბერს, სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.





