„რუსთავი“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ გორის „დილა“ მიიღო და სამი ქულა აიღო.
მატჩის 21-ე წუთზე განელმა პრინს ოსეიმ მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ბრაზილიელი ჯექსონ კენიო მოძებნა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
მე-40 წუთზე პრინს ოსეი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მცველებს სისწრაფეში აჯობა, რის მერე პასი კარის წინ მდგომ ბრაზილიელ ჟან ალმეიდას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა – 2:0.
61-ე წუთზე „დილას“ შეტევის დროს, გვინეელმა თავდამსხმელმა მოჰამე კანტემ მარჯვენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც შოთიკო ანდღულაძის მოგერიებული ბურთი იაპონელ იუტა ნაკანოს მოხვდა და ოთარ ფარულავას მიუვიდა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან გაიტანა – 2:1.
72-ე წუთზე ჯექსონ კენიომა კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ვაჟა ფაცაციამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 3:1.
„რუსთავი“ 49 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა, ვიდრე ხვალ უშუალო კონკურენტები ითამაშებენ. ბერძენი დიამადის ვავალისის ხელმძღვანელობით „დილა“ 40 ქულით მე-5 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი