ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ეროვნული გუნდის სჯერა. ჩვენი ნაკრების ფორვარდმა ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან 0:0 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
ბუდუ ზივზივაძე: “თბილისშიც არ იყო იოლი ამ გუნდთან თამაში. ზოგადად, სანაკრებო დონეზე არ არსებობს თამაში, სადაც იოლად შეძლებ რაიმე მიზნის მიღწევას, თუ ბოლომდე არ დაიხარჯე და არ მოინდომე.
მამარდას ფაქტორს რაც შეეხება, გასახდელშიც და ახლა აქედანაც მადლობას გადავუხდი იმ მოგერიებული პენალტისთვის, იმიტომ რომ ქულა მოვიპოვეთ. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხვალიდან, როცა ფეხბურთელები კლუბში დაბრუნდებიან, დაიწყებენ ფიქრს და მომზადებას. დაცვის მხრივ ვიტყოდი, რომ ძალიან მოუმატა გუნდმა, იმიტომ რომ როდესაც გურამ კაშიას მსგავსი ლიდერი ტოვებს ნაკრებს, არ არის მარტივი ასეთი დანაკლისის შევსება. თუმცა ამ ოთხ თამაშში, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ეპიზოდის გარდა, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა.
ამ ნაკრების მჯერა. საქართველოს ნაკრებს არასდროს მიუღწევია რამისთვის მარტივად. ახლაც რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნოემბერში სხვანაირი სიტუაცია იქნება ნაკრებში. შევეცდებით ყველანაირად, რომ დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ დარჩენილ ორ შეხვედრაში”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინას შეხვდება.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი A ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან და მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება. ცნობისთვის, A ლიგიდან პირდაპირ ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ორი ვარდება.
B ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება. ჯგუფში მესამე პოზიციის მქონე ნაკრები ავტომატურად B ლიგაში რჩება. მეოთხეადგილოსანი კი, B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირება. C ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ B ლიგაში წინაურდებიან და მათ D ლიგის 6 გუნდი ემატებათ. ერთა ლიგის 2028-2029 წლების გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება და D ლიგა უქმდება.
ლაშა თაბაგარი





