რამაზ სვანაძე: “მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა”

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, მიზანი ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში B ლიგის მე-2 ჯგუფში სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან 0:0 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “ხარისხობრივად არ იყო ის, რაც უნდა გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში ბურთით ბევრად უკეთ ვითამაშეთ და მეტჯერ შევძელით მეტოქის პრესინგის ხაზის გადალახვა. მატჩის ბოლო მონაკვეთში კი იძულებითმა ცვლილებებმა, რომლებიც ტრავმებითა და ყვითელი ბარათებით იყო გამოწვეული, ძალიან იმოქმედა ჩვენს თამაშზე. არავისთვის არის მარტივი ის ფაქტი, რომ უკვე მეოთხე თამაშია, გოლი არ გაგვიტანია. ამავე დროს, პოზიტიურია ის, რომ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გავუშვით.
ოთხივე თამაშში უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზისა და მეკარის თამაში. ზოგადად, დაცვითი ფაზა ჩვენთვის მხოლოდ მცველებისა და მეკარის საქმე არაა და ფორვარდებიდან იწყება. ამ მხრივ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით. დაცვითი თვალსაზრისით, ეს თამაშები პოზიტიური და სასიამოვნო სანახავი იყო.
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანი არანაირად არ შეიცვლება. მხოლოდ ერთ ლიგაზე არ ვართ დამოკიდებული და წინ კლასიკური შესარჩევი ეტაპიც გვაქვს.
ერთა ლიგაში და ყველა მომდევნო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება.
მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.
დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ. დარჩენილი დრო კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ”.
ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინას შეხვდება.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი A ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან და მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს  შეხვდება. ცნობისთვის, A ლიგიდან პირდაპირ ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ორი ვარდება.
B ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება. ჯგუფში მესამე პოზიციის მქონე ნაკრები ავტომატურად B ლიგაში რჩება. მეოთხეადგილოსანი კი, B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირება. C ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ B ლიგაში წინაურდებიან და მათ D ლიგის 6 გუნდი ემატებათ. ერთა ლიგის 2028-2029 წლების გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება და D ლიგა უქმდება.
ლაშა თაბაგარი