სან-იოლიდან რთულ მიზნამდე

0
6

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 49 წლის ფრანგი თანამდებობას გასული კვირის ბოლოს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან უნიათო წაგების შემდეგ დაემშვიდობა.
დიდი ხანია ამ ნაბიჯის აუცილებლობაზე ვწერთ. წლებია, ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრებს სანიოლზე მეტი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მწვრთნელი სჭირდება. ჯერ კიდევ შარშან, ევროპის ჩვენთვის ისტორიული ჩემპიონატზე თამაშიდან ერთი წლის თავზე, თვითონ ვილიმაც აღიარა – ფეხბურთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ შიმშილს“ვეღარ ვატყობ, მათ თვალებში ძველებურ ცეცხლს ვეღარ ვხედავო… გეგონება, ფეხბურთელების მოტივირება (ცხადია – შემადგენლობისა და ტაქტიკა/სტრატეგიის არჩევასთან ერთად) სწორედ მწვრთნელის საქმე არ იყოს! პრესკონფერენციების დროს რამდენჯერმე ვკითხეთ კიდეც – თუ ნაკრების ფეხბურთელების კლუბებითა და სათამაშო პრაქტიკითაც უკმაყოფილო ხარ და ვეღარც მათ მოტივირებას ახერხებ, თანამდებობაზე რაღატომ რჩებიო?!
ვილი დარჩა. და სხვათა შორის, არც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეტყობოდა, რომ სადმე აპირებდა წასვლას. თუმცა შაბათს ცნობილი გახდა, რომ სანიოლი რამაზ სვანაძემ შეცვალა. ჰოდა, მთავარი კითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მისამართით – თუ ვილი სანიოლთან კონტრაქტის (2028 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება თავიდანვე არასწორ ნაბიჯად მიგვაჩნდა) გაწყვეტა ასე იოლი იყო, აქამდე რას ველოდით?! ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინცდამაინც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე შეხვედრაში უნდა დაგვეკარგა, ფრანგ მწვრთნელს რომ დავმშვიდობებოდით?! გაცილებით უკეთესი (როგორც ვილის, ისე – ჩვენი ნაკრებისთვის) და სიმბოლური იქნებოდა, ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გმირის მანტიით წასულიყო. ფრანგი მწვრთ­ნელი ქართული ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ის იქნება პირველი მწვრთნელი, რომლის თავკაცობითაც, გემო დიდ საფეხბურთო ტურნირს გავუსინჯეთ, მაგრამ… სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვილი სანიოლისგან მხოლოდ ტაქტიკური შეცდომები, წაგებული მატჩები და ამ წაგებების სხვებისთვის გადაბრალების ეპიზოდები გვახსენდება. რა თქმა უნდა, კიდევ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც დაგვაყვედრის – ევროპის ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანა, მაშინ ხომ კარგი მწვრთნელი იყოო?! არა, ბატონო, მაღალი კომპეტენციის მწვრთნელი ვილი სანიოლი არასდროს ყოფილა (და ეს არამარტო ჩვენ – თვითონაც უთქვამს). ბევრჯერ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ ვიტყვი – „ევრო-2024-ზე თამაში ბევრი საჩვენო გარემოების, დიდწილად კი – გუნდში მწვრთნელის შექმნილი გარემოს დამსახურება იყო და ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ… რადგან ევროპის ჩემპიონატზე მისი თავკაცობით ვითამაშეთ, სანიოლი სამწვრთნელო კარიერის დასრულებამდე საქართველოში უნდა დარჩენილიყო?!
არ შეიძლება მწვრთნელი სულ მართალი იყოს და წარუმატებლობის მიზეზად ყველაფერს ასახელებდეს, თავისი შეცდომ(ებ)ის გარდა. მადლობა ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვის, თუმცა ეს თაობა სანიოლზე უკეთეს მწვრთნელს იმსახურებს. დრო ისედაც ბევრი დავკარგეთ.
და ყველაზე სამწუხაროც ეს არის: ვილი სანიოლს თვითონაც გაეპარა დრო (წასვლის) და ჩვენც დაგვაკარგვინა. ვერ თუ არ შეიმჩნია, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრები რეგრესის გზას დაადგა.
ასე რომ, სჯობს გვიან… და სანამ ფრანგის ქართველ შემცვლელზეც ვიტყოდეთ რამდენიმე სიტყვას, ვილი სანიოლის ბოლო მატჩიც გავიხსენოთ – ჩრდილოეთ ირლანდიასთან უსუსურად წაგება ხომ მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ბრალი არ ყოფილა.
ჯერ ის ვთქვათ, რომ არამხოლოდ ტრიბუნები, საქართველოს ნაკრებიც „ცარიელი“ იყო – ემოციისგან, კრეატიულობისგან, საფეხბურთო აგრესიისგან დაცლილი. სანიოლის გუნდმა პირველ ტაიმში ხეირიანად ერთხელაც ვერ შეუტია საშუალოზე დაბალი დონის, ლიდერების გარეშე დარჩენილ მეტოქეს, რომელიც თბილისში 0:0-ის სათამაშოდ იყო ჩამოსული და ამას არც მალავდა. სანიოლს ყველა მატჩის წინ და შემდეგ რომ არ გაემეორებინა, ისედაც კარგად ვიცით, რომ ჩაკვეტაძე-კიტეიშვილის არყოფნაში, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა რამდენიმე ადგილას უხეიროდ გადაბმულ, გასაწყდომად განწირულ თოკს ჰგავს, მაგრამ… რა გამოდის – რადგან ტრავმებისკენ მიდრეკილი ეს ორი ფეხბურთელი ხშირად გვაკლია, გულზე ხელი დავიკრიფოთ და მოედანზე აღარ გავიდეთ?! მწვრთნელის მოვალეობა სხვა რაღაა?! – ვინც გყავს, ის უნდა ათამაშო, შემადგენლობა და ტაქტიკა არსებული კონტინგენტიდან შეარჩიო!
გვესმის, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არც ჩაკვეტაძე იყო და არც კიტეიშვილი, მაგრამ 40-50 წუთს მაინც ხომ “გაქაჩავდნენ”? – რომელიმე მათგანს ძირითად შემადგენლობაში დაეწყო, სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი კი მეორე ტაიმში შესულიყო მოედანზე. ანზორ მექვაბიშვილს არაფერს ვერჩით – კლუბი ახლახან შეიცვალა, არც იდეალურ ფიზიკურ კონდიციაშია და ამის მიუხედავად, რაც შეეძლო, იბრძოლა, თუმცა მექვაბიშვილის ძლიერი მხარე პრესინგი, შეტევის ჩაშლა უფროა, ვიდრე მისი წამოწყება… იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ქოჩორაშვილზე – ბევრი ირბინა და იბრძოლა, თუმცა… პირველ ტაიმში მოედანზე არ იყო ფეხბურთელი, რომელიც პოზიციურ (მით უმეტეს – სწრაფ) შეტევას წამოიწყებდა და ბურთს თავდამსხმელებამდე მიიტანდა. ჩვენს შემტევებამდე, რომლებიც „ბლომად“იყვნენ მოედანზე, თანაც – მათთვის უჩვეულო პოზიციებზე, მაგრამ უბურთოდ დარჩენილებს, პოზიციების ცვლასთან ერთად, ბურთის მისაღებად თავის ნახევარზე ჩამოსვლაც უწევდათ. თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვის ხაზის ნაყოფიერი თამაში წარმატების მთავარი გასაღებია. საქართველოს ნაკრები კი ჩაკვეტაძე/კიტეიშვილის არყოფნაში, ფაქტობრივად, ნახევარდაცვის გარეშე თამაშობს და იმედია, რამაზ სვანაძე, რომელიც ყველა თაობის ფეხბურთელებს კარგად იცნობს, გასაღებს ამ პრობლემასაც მოუძებნის.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი ყველამ ნახეთ და მისი დეტალური გარჩევა აზრს კარგავს (მით უმეტეს, რომ დასანან წაგებას ორ დღეში უკრაინასთან მატჩიც მიჰყვა). თუმცა რამდენიმე მომენტი მაინც აღსანიშნავია:
ბავშვების გაფუჭებული საქმე, რომელიც ისევ მათმა თანატოლებმა გამოასწორეს! უეფამ გასულ წელს სომხეთთან მატჩის შემდგომი ინციდენტის (საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე რამდენიმე ასეული მოზარდი შეიჭრა) გამო დაგვსაჯა და ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის უმაყურებლოდ გამართვა დაადგინა. საბედნიეროდ, იმის უფლება მაინც მივიღეთ, რომ მატჩს პატარა ფეხბურთელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენელი დაახლოებით 7000 ბავშვი დაესწრო! 10-15 წლის მოზარდებმა საოცარი მუხტი შეიტანეს „”დინამო არენას”“ცარიელ ტრიბუნებზე და საყვარელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ…
ოღონდ, არასწორი ტაქტიკით, “უჯიგროდ” მოთამაშე ფეხბურთელს ვერც გადაჭედილი ტრიბუნა უშველის!
ყველას არ ეხება, მაგრამ ნაკრების მაისურით თამაში მეტ მონდომებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. მწვრთნელი ან ტაქტიკა არ ვარგა? თავმოყვარეობა ხომ გაქვს, ჯგუფის აუტსაიდერთან სახლში წაგების არ გრცხვენია?! ტრიბუნაზე მყოფი ბავშვების ხათრით მაინც ირბინე, დაჯარიმდი, იბრძოლე, კაპიტანს მიჰბაძე!
ხვიჩა კვარაცხელიამ ნამატჩევს ალალად თქვა – ძალიან ცუდად ვითამაშეთ, როგორც კაპიტანი ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებო. კარგად არც თავად უთამაშია, მაგრამ რამდენი ირბინა, იბრძოლა, რამდენჯერ შეიცვალა პოზიცია, როგორ ჩადიოდა პრესინგზე დაცვის დასახმარებლად თუ შეტევის დასაწყებად (!) ჰო, ნერვებს აყოლილმა უაზრო ყვითელი ბარათიც მიიღო და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია – თერთმეტმეტრიანი დარტყმაც გაუცუდდა, მაგრამ… პენალტი ვის არ აუცილებია?! შეიძლება ამის გამო შეურაცხმყოფელი კომენტარებით მოიხსენიო ფეხბურთელი, რომელმაც ქართული ფეხბურთი მსოფლიოს გააცნო, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დითირამბებით ავსებდი კლუბში, ნაკრებში, ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები ფანტასტიკური თამაშისთვის?! ცნობილი ამბავია – ნაკრებში პენალტებს მიქაუტაძე და კვარაცხელია ასრულებენ (მეც მიმაჩნია, რომ პირველი „პენალტისტი“ ჟორჟი უნდა იყოს, კვარაცხელიას ცუდად აქვს დაცდილი გადამწყვეტი პენალტი). ამჯერად ხვიჩას მოუწია. ცუდად დაარტყა, ვერ გაიტანა, მაგრამ… მართლა ფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად გააკეთა და გამარჯვების გოლის გატანა რომელიმე ჩვენგანზე ნაკლებად სურდა?!
წინა წერილში ვთქვი – ნაკრების 101-ე გამარჯვებას უეფას ერთა ლიგის პირველივე მატჩში ველით-მეთქი, მაგრამ… ქვეჯგუფის ყველაზე სუსტ ნაკრებთან პირველივე მატჩის წაგებამ შემდეგ ეტაპზე გასვლის ისედაც ბუნდოვანი პერსპექტივა კიდევ უფრო საეჭვო გახადა. თუმცა ყურების ჩამოყრა არასწორი და ნაადრევი იქნება. ახლა მობილიზება, ახალი მწვრთნელის გარშემო გაერთიანება და პრინციპული/ უხერხული მეტოქის (უკრაინის ნაკრებისთვის აქამდე არასდროს მოგვიგია) დამარცხებაა საჭირო. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. დრო, რომელიც ვილი სანიოლს გაეპარა, ჩვენ – დაგვაკარგვინა…
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს (კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა), ეროვნული გუნდის სათავეში რამაზ სვანაძის ნახვა ბევრს სურდა და ჩვენც ძალიან გვინდა, ახალგაზრდულ ნაკრებში შედეგიანი მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა წარმატებას ეროვნულ გუნდთან ერთადაც მიაღწიოს!
რატი შელეგია
27.09.2026