საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
1 ოქტომბერს, ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ “პუშკაშ არენაზე” გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მატჩისწინა პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ოთარ კაკაბაძესთან ერთად უპასუხა. ეროვნული გუნდის გამოცდილი მცველისთვის მოახლოებული შეხვედრა მე-80 იქნება ნაკრების მაისურით.
რამაზ სვანაძე: “უნგრეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და საკუთარ მოედანზე თამაშობს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ეს თამაში ერთ-ერთი ბოლო შანსია ჯგუფის მოსაგებად. თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, მატჩს მზად ვხვდებით და ყველას ვპირდებით, რომ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად არაფერს დავიშურებთ.
საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, რასაც მშრალი ციფრები და სატურნირო მდგომარეობაც ადასტურებს. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და საბოლოო შედეგს სწორედ ის დეტალები განაპირობებს, რომელიც შორიდან, შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევი იყოს. დარწმუნებული ვარ, ხვალაც ანალოგიური ვითარება იქნება და ჩვენი მზადებაც ზუსტად იმისკენ იყო მიმართული, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა”.
ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ. ცუდად დავიწყეთ და ყველა მეტს ელოდება ჩვენგან. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ამ მიზნისკენ სვლას ხვალინდელი მოგებით ვაპირებთ. ჩემი აზრით, წინა შეხვედრაშიც არ ვიმსახურებდით მარცხს.
რაც შეეხება ჩემს 80 მატჩს – დრო ძალიან სწრაფად გავიდა. დებიუტი 2015 წელს მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში თამაში ჩემი უდიდესი ოცნება იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ნიშნულამდე თუ მივიდოდი. ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვრჩები”.
უნგრეთი – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი





