საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ევრო 2027-ის შესარჩევიც ციკლის მე-8 ტურში თბილისში F ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ საბერძნეთთან რთულ შეხვედრას ელოდება. მან ამის შესახებ მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მცველი ლუკა ლაცაბიძეც დაესწრო.
რამაზ სვანაძე: “შაბათს რთულ თამაშს ველოდებით ძალიან ძლიერ ნაკრებთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვთ. თუმცა, ცხადია ჩვენც მოტივირებულები ვართ. მიმდინარე ციკლს ჯერ არ შევაფასებ. ნებისმიერი შეხვედრა ნაკრებში საპასუხისმგებლოა. ჩვენ საქმე გვაქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და მომავალშიც ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება.
რაც შეეხება მზადებას, სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ავცდით. ეს მათთვისაა დამატებითი შანსი, ვინც შემდეგ ციკლში ითამაშებს. დარჩენილი მატჩები ღირსეულად უნდა ჩავატარო. ამავე დროს, შემდეგი შესარჩევისთვის მზადებაც დაწყებულია. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა.
ახალწვეულებს შემდეგ ციკლში დიდი როლი ექნებათ. რაც მეტ დროს გაატარებენ ნაკრებთან ერთად, მით უკეთესი იქნება. ამ ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ცხადია, ასაკს და გამოცდილებასაც ვითვალისწინებ. აქცენტი ცხადია მათზე კეთდება, თუმცა ყოველდღე უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებენ. ამ ფორმაციის ნაკრებიდან არაერთი მოთამაშე გვაკლია. თანაც ჩვენთვის საკვანძო პოზიციებზე. ტაქტიკაზე დღეს არ ვისაუბრებ, ყველაფერს ხვალ ვნახავთ”.
ლუკა ლაცაბიძე: “ეროვნულ ნაკრებში ყოფნა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ჩემი გამოცდილებით დავეხმარები ახალგაზრდა ფეხბურთელებს, განწყობა ძალიან მაღალია, არ აქვს მნიშვნელობა საბერძნეთი რა მოტივაციითაა ჩამოსული, ვეცდებით, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვითამაშოთ და სანამ თეორიული შანსია ჯგუფიდან გასვლის, ამისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ“.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 9 ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 18 ქულით გერმანიაა, საბერძნეთი 18 ქულით მეორეა, ჩრ.ირლანდია 10 ქულით მესამეა, ლატვია 5 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.





