“ბათუმი” ჯგუფში ევროლიგის სამგზის ჩემპიონთან მოხვდა

0
2

საქართველოს სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს. ახალი სეზონიდან თითო ჯგუფში 6 გუნდი იასპარეზებს და საქართველოს ჩემპიონსაც სოლიდურ მეტოქეებთან 10 შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
ფიბა ევროპის თასის A ჯგუფში ბათუმის მეტოქეები იქნებიან: “ტრეპჩა” (კოსოვო), “პრომითეასი” (საბერძნეთი), “ოპავა” (ჩეხეთი), “ტრირი” (გერმანია) და “სპლიტი” (ხორვატია). ეს უკანასკნელი გასულ საუკუნეში “იუგოპლასტიკის” სახელით ასპარეზობდა და არაერთი პრესტიჟული ტურნირი მოუგია. განსაკუთრებით აღსანიშნავი ხორვატთა მიერ 1989, 1990, 1991 წლებში მოპოვებული ევროლიგის საჩემპიონო ტიტული გახლავთ. იმხანად “იუგოპლასტიკის” ღირსებას ლეგენდარული ტონი კუკოჩი იცავდა.
ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპი 6 ოქტომბერს დაიწყება და 23 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ორი გუნდი აგრძელებს.