გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა. მე-7 ტურში სევილიელებმა სეზონის სტარტზე საუცხოოდ მოთამაშე „ბარსელონა“ მიიღეს და 1:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 68 წუთი გაატარა. ის ტრადიციულად ძალიან მონდომებული იყო და რამდენჯერმე თავის გუნდის შეტევა წამოიწყო, ასევე მეტოქის სახიფათო იერიშიც ჩაშალა.
მატჩის მე-19 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შეჭრილმა კორეიამ პასი ფოფანას გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე კრისტენსენის კარგი გადაცემის შემდეგ, რაფინიამ საჯარიმოში ისეთი ფინტი გაუკეთა „სევილიას“ მცველს, რომ ეს უკანასკნელი მოედანზე დაეცა და შეტევა გოლით დააგვირგვინა. ამ გოლის აღნიშვნისას ლამინ იამალმა ისეთი ჟესტი გამოიყენა, რომელიც ქოჩორაშვილს არ მოეწონა და ფეხბურთელები შეკამათდნენ.
52-ე წუთზე იამალი მასპინძლების საჯარიმოში ქოჩორაშვილს გაექცა და პასი რაფინიას მისცა, რომელმაც თავით გაიტანა. 69-ე წუთზე იამალის საუცხოო გადაცემის შემდეგ, მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა რაფინიამ ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულ ვლახოდიმოსს გადაუგდო.
„ბარსელონას“ ბრაზილიელმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „სევილიას“ 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





