„რუსთავმა“ ერთდღიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩის 45-ე წუთზე ლუკა პარკაძე ბურთს თავის ნახევარზე დაეუფლა და ერთ მეტოქეს დაუსხლტა, ხოლო შემდეგ მაღალ სისწრაფეზე მეორე ტყიბულელ ფეხბურთელსაც გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ლევან შოვნაძის კარი აიღო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ტყიბულელთა საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ სახიფათოდ დაარტყა და შოვნაძემ „მეშახტე“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
თავის გამოჩენის შანსი განელ შემტევ ნახევარმცველ პრინს ოსეისაც ჰქონდა, რომელიც მასპინძლების საჯარიმოში ერთ მეურვეს გაექცა და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
„რუსთავს“ 46 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „მეშახტემ“ 16 ქულა დააგროვა და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





