საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მცველმა გიორგი გველესიანმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარეირა დაასრულა. მან ამის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:
“გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე”.
გველესიანი კარიერის განმავლობაში თბილისის “დინამოში”, ირანის “ზობ აჰანში”, “ნასაჯში”, “სეპაჰანში” და “პერსეპოლისში” თამაშობდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 340 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.
მან “დინამოს” მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 3-ჯერ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 4-ჯერ, ხოლო სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი 2-ჯერ მოიგო. ის “სეპაჰანის” მაისურით 2-ჯერ ირანის ჩემპიონი გახდა, ხოლო თითოჯერ თასს და სუპერთასს დაეუფლა. “სეპაჰანში” ასაპრეზობის დროს გველესიანი ზედიზედ 3-ჯერ ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2024 წელს ჰქონდა და 10 მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გერმანიაში 2024 წელს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი





