აშორტიას მომგებიანი გოლი უზბეკეთში

0
0

იმედა აშორტია, რომელიც „ანდიჟანში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, უზბეკეთის სუპერლიგაში მესამე გოლი გაიტანა. 21-ე ტურში „ანდიჟანმა“ შინ „კოკანდი“ ქართველი თავდამსხმელის წყალობით დაამარცხა.
აშორტია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა აშორტიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კოკანდში“ შოთა გვაზავამ შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე გააფრთხილეს. ანდრო გიორგაძე შეცვლაზე მე-80 წუთზე შევიდა, ხოლო თომა ტაბატაძემ ორი ტაიმი თადარიგში გაატარა.
„ანდიჟანი“ 30 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო „კოკანდი“ 20 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი