კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ტყიბულის „მეშახტემ“ თბილისის „სპაერი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის მე-14 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბექა გაბისკირიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შესულმა ბექა გაბისკირიამ პასი კარის წინ გახსნილ გიორგი ბურდულს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
36-ე წუთზე საბა გეგიაძე ტყიბულელთა საჯარიმოში „მეშახტეს“ ორ ფეხბურთელს გაცდა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა. 64-ე წუთზე გოჩა ცირდავამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მეკარისგან შორეულ „ცხრიანში“ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
ანზორ კიღურაძის გაწვრთნილ „სპაერს“ 24 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო „მეშახტე“, რომელსაც კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობს 15 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





