გიორგი მაისურაძემ „პოლესიეს“ მაისურით ამ სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში „პოლესიემ“ „კუდრივკას“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი მიმდინარე ჩემპიონატში „პოლესიეს“ სასტარტოში პირველად მოხვდა და პირველ წუთზე მეტოქის საჯარიმოში პასი ველეტენს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
29 ივლისს კონფერენს ლიგაში სტუმრად „კოპენჰაგენთან“ 1:2 წაგებული თამაშის შემდეგ, მაისურაძემ ზედიზედ სამი შეხვედრა თადარიგში გაატარა და მოედანზე მე-4 ტურში „შახტართან“ გასვლაზე 2:0 მოგებულ შეხვედრაში დაბრუნდა – შეცვლაზე შესულმა 31 წუთი ითამაშა. „პოლესიე“ 12 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურში „სურხონმა“ სტუმრად „ბუნედკორს“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში პასი თანაგუნდელისგან მიიღო და ერთი შეხებით დაარტყა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. ძებნიაურმა, რომელიც „სურხონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, 14 შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა. „სურხონი“ 23 ქულით 16 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





