გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველ საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-2 ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა და შეუცვლელად მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის შეტევის მარცხენა ფლანგზე სიტუაციას მუდმივად ამწვავებდა და მასპინძლების მცველებს მოსვენება არ მისცა.
შეხვედრის 26-ე წუთზე კვერნაძემ „ფიორენტინას“ საჯარიმოში ერთი მეურვე ჩამოიცილა და თითქმის კუთხურის ხაზიდან პასი ახლო ძელთან გახსნილ რაიმონდოს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
38-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ბრაკალიამ გამოიჩინა, ხოლო 68-ე წუთზე რაიმონდომ დუბლი შეასრულა. შეხვედრის მიწურულს კვერნაძე ფლორენციელთა საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შევიდა და დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეფარა. მან იტალიის ჩემპიონატში 2-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





