კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტური თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც „გაგრამ“ „სპაერი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორის დაწყებიდან ოთხ წუთში „სპაერი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან მცველმა ნიკა კენჭაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
78-ე წუთზე განელი ადეიეიე მეტოქის ნახევარზე „სპაერის“ ორ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა დავით მუჯირმა თავური დარტყმი ანგარიში გახსნა.
82-ე წუთზე საბა გეგიაძემ გაგრელთა საჯარიმოში ბურთი ნიკა ჩაგუნავას გადააწოდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ ვერაფერი გააწყო.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერს“ 23 ქულა აქვს და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





