კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილია, რუმინეთის სუპერლიგის მე-5 ტურში სტუმრად „ოცელულთან“ ქულები გაიყო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ნახევარმცველი კრეტუ გაუძევეს.
„უნივერსიტატია“ 56-ე წუთზე ეტიმმა დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე ანგარიში ლუნგუმ გაათანაბრა. მოქმედ ჩემპიონ კრაიოველებს 7 ქულა აქვთ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე არიან.
უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტურში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „ხარკოვი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი გოჩოლეიშვილს რაც შეეხება, დონეცკელები ჩვენი ნაკრების მარჯვენა მცველის განათხოვრებას აპირებენ. თუმცა, ჯერ უცნობია ის კარიერას სად განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი





