კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მეორე სათამაშო დღემ სტარტი გორში აიღო, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ უატსაიდერი ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-15 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ბექა გაბისკირიამ „დილას“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებს გიორგი გოგოლაშვილმა დაასწრო და თავით გაიტანა.
21-ე წუთზე სენეგალელი მუჰამედ დიუფი მეკარესთან დარჩა და დაარტყა – ლევან შოვნაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ კარის წინ მდგომმა შოთა შეყილაძემ ანგარიში გაათანაბრა. თავდაპირველად გვერდითმა მსაჯმა დიუფზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი ჩაითვალა.
43-ე წუთზე გამბიელმა სანიანგმა ბურთი სტუმართა ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში გახსნილი დიუფი მოძებნა, რომელმაც ბექა გაბისკირიას აჯობა და თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.
50-ე წუთზე ტყიბულელთა საჯარიმოში ბურთანად შეჭრილი განელი ანოფი გიორგი გეგიამ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც შეყილაძემ გამოიყენა.
ბერძენი დიამანტის ვავილისის გაწვრთნილ „დილას“ 29 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „მეშახტე“ 11 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





