ყაზაიშვილის მორიგი საგოლე პასი, ზივზივაძის მარცხი ბერლინში

0
2

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში მე-7 საგოლე პასი მიითვალა. 23-ე ტურში „შანდუნმა“ სახლში „ცინდაო“ მიიღო და 3:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-8 წუთზე კრიზანს გაატანინა. მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა ჩემპიონატში ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 7 საგოლე პასი შეასრულა.
„შანდუნს“ 33 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ბერლინის „ჰერტას“ შეხვდა და საკუთარ კარში 4 გოლი მიიღო, ხოლო მეტოქეს ერთხელ გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. „ჰერტამ“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს.
ლაშა თაბაგარი