თბილისის „იბერია“ ბოლო 8 წლის მანძილზე პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მეორედ გადალახა. 2018 წელს დედაქალაქელები „საბურთალოს“ სახელით გამოდიოდნენ. განვლილ პერიოდში პირველი ეტაპის დაძლევა ვერცერთმა სხვა გუნდმა მოახერხა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა პირველი თამაში ესტონეთის დედაქალაქში „ფლორას“ 3:2 მოუგო, ხოლო საპასუხო შეხევდრა 2:2 დაასრულა, არადა, ორბურთიანი სხვაობით იმარჯვებდა.
მატჩის მე-6 წუთზე ესტონელი ფეხბურთელის გადაცემა ვახო ბედოშვილმა თავის ნახევარზე ჩაჭრა და ბურთიანად თითქმის 60 მეტრი ირბინა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-8 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ დაახლოებით 27-28 მეტრიდან გაისროლა და ესტონელთა კარის დარაჯმა რთული ბურთი უკუაგდო. მე-13 წუთზე გიორგი კუციამ ჯარიმის შესრულების დროს პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ სიხარულაშვილს გაუკეთა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მან თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა.
32-ე წუთზე კურაკსინი მასპინძლების კარს დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაემუქრა და გიორგი მაკარიძემ საიმედოდ ითამაშა. 36-ე წუთზე ნაჭყებიამ ბურთი „ფლორას“ საჯარიმოში მიიღო და მარცხნიდან გარე ტერფით საუცხოო გადაცემა გაუკეთა კარის წინ გახსნილ სიხარულაშვილს, რომელმაც დუბლი შეასრულა.
47-ე წუთზე ნაჭყებიამ მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი და მარცხნიდან ოდნავ ცენტრისკენ შეწეულმა შორეულ „ცხრიანში“ ლამაზი გოლი გაიტანა. თუმცა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გოლი გააუქმა.
68-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში ალიკუმ ბურთი ვარიუნდის გადააწოდა, რომელმაც ანგარიში შეამცირა. 82-ე წუთზე ესტონელებმა კუთხური ჩააწოდეს და ელდარ კულიევმა თავის საჯარიმოში ტევალი წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც საპინენმა გოლად აქცია.
ამის შემდეგ, „ფლორა“ გააქტიურდა და „იბერია“ ფაქტობრივად თავის ნახევარზე მიაჯაჭვა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში თბილისელებმა მოგება მაინც შეეძლოთ, როდესაც „ფლორას“ მოთამაშემ თავის ნახევარზე ცუდი პასი გააკეთა და ბურთს ზოური დაეუფლა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გაივანა ამირან ძაგანია, ამ უკანასკნელმა კი გრიუნვალდს ვერ აჯობა.
„იბერია“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონი ბრატისლავას „სლოვანს“ შეხვდება. პირველი მატჩი თბილისში 21 ივლისს ჩატარებდება, ხოლო საპასუხო ბრატისლავაში – 28 ივლისს.
„იბერია“ (თბილისი) – „ფლორა“ (ტალინი) 2:2 (2:0)
14 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“ : მაკარიძე, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, კუცია (კულიევი, 74), დადიანი, ქარდავა, ნაჭყებია ( ქობულაძე, 90+2), ბედოშვილი (კაფე, 85.), სიხარულაშვილი ( ძაგანია, 90+2)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
„ფლორა“: გრიუნვალდი, კურაკსინი, კოლობოვი, ვეერინგი, ტოვსტიკი, ვალდმეტსი (ალიკუ, 63), კრეიდა (ტეევალი, 67), ვარიუნდი, ზენიოვი (უსტა, 63), ალამაა, საპინენი.
მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინ ვასილიევი.
გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (69), 2:2 საპინენი (84, პენ.)
გაფრთხილება: ჯინჯოლავა (75), ვეერინგი (79), ყულიევი (83), ძაგანია (90+4).
მთავარი მსაჯი: ფლორიან ლატა (ალბანეთი).
ლაშა თაბაგარი





