2026/27 წლების სეზონის წინ, ‘შავი ლომი’ 12 მოთამაშით გაძლიერდა. მათგან ორი ლეგიონერია, ორი სამშობლოში საფრანგეთიდან ბრუნდება, რვა მოთამაშე კი ქართული კლუბებიდან დაწინაურდა.
‘შავი ლომის’ კვართით სამხრეთ აფრიკაში გამართულ “ტოიოტა ჩელენჯზე” ითამაშეს და გუნდში რჩებიან ბურჯი გიგა კობახიძე (ბათუმი), კვაჭი შოთა ხელაძე (არესი), მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე (აია) და ფრთა რომა მახათძე (ბათუმი). მახათაძემ სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ ბორჯღალოსნებშიც მიიღო გამოძახება და მისი სანაკრებო დებიუტი მონტევიდეოში, ურუგვაისთან მოგებულ შეხვედრაში შედგა.
სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გამოძახებული იყო ‘წიქარას’ მგეზავი დავით იმნაძეც, მაგრამ ცხვირი გაიტეხა და სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა. მერე მას ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაშიც უხმეს, თუმცა ცხვირის ოპერაციის შემდეგ აღდგენის შესაძლებლობა მისცეს და სამხრეთ ამერიკაში აღარ წაიყვანეს, ახლა კი ‘შავ ლომს’ შეუერთდება.
მაისში გამართულ ‘შავი ლომის’ გასახურებელ თამაშებში, დიდი 10-ის XV-ში ითამაშა ქუთაისის ‘აიას’ ბურჯმა გიორგი ქიმუცაძემ, რომელსაც ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშია, თუმცა მომავალი სეზონიდან ‘შავი ლომის’ წევრი გახდება.
‘შავ ლომს’ ემატებიან უმცროსი ბორჯღალოსნები ლუკა ნარსია და თემურ ძოძუაშვილი. მესამეხაზელი ნარსია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 20-წლამდელთა კაპიტანია, გასულ სეზონში ქუთაისის ‘აიას’ ღირსებას იცავდა. ‘აიაში’ თამაშობდა ძოძუაშვილიც, რომელიც ჰავბეკისა და მგეზავის პოზიციას ფარავს.
საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდება ბორჯღალოსანი ბურჯი გიორგი მამაიაშვილი. გასული სეზონი მან პრო დე2-ის ‘გრენობლში’ გაატარა, მომავალი სეზონიდან კი ‘შავ ლომს’ გააძლიერებს. 23 წლის მამაიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2024 წელს ჰქონდა, დღემდე ნაკრების კვართით 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო გაიტანა.
საფრანგეთის მესამე დივიზიონში, ნაციონალ1-ში თამაშობდა მეორეხაზელი დავით არველაძე, რომელიც მომავალ სეზონს ასევე ‘შავ ლომში’ იწყებს. ‘ხვამლის’ აღზრდილი 23 წლის მორაგბე 2021/22 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსებას იცავდა. ის ერთი სეზონი თბილისის ‘ლელოში’ თამაშობდა, 2021 წლიდან კი საფრანგეთს მიაშურა და თავდაპირველად ‘ოიონაში’ ირიცხებოდა, ბოლო ორი სეზონი კი ჯერ ‘ობენაში’, მერე კი ‘რენში’ თამაშობდა.
რაც შეეხება ლეგიონერებს, ორივე მათგანი სამოური წარმოშობისაა და მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მაიკლ კარი, რომელსაც სამოას ეროვნული ნაკრების კვართით 8 თამაში აქვს ჩატარებული.
ახალ ზელანდიაში, ოკლენდში დაბადებული კარი ფიზიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ფორვარდია, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, აგრესიული დაცვითა და აუტში საიმედო თამაშით. სამოას ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, საკლუბო დონეზე კი ახალი ზელანდიის ‘ტასმანის’, ამერიკული ‘კოლორადო რეპტორსის’, იაპონური ‘ტოიოტა შოკის’ რიგებში თამაშობდა.
2022 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა ‘მოანა პასიფიკს’ შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში Super Rugby Pacific-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ბოლოს წლებში მან ასევე ახალ ზელანდიურ ‘ნორთ ჰარბორში’, მშობლიურ ‘ტასმანში’ და ‘ოკლენდში’ ითამაშა.
სამოური წარმოშობის ახალ ზელანდიელი მორაგბეა ამაანი ვერკო-აოიონი. 25 წლის მორაგბე თანამემამულეს მსგავსად მეორე-მესამე ხაზში თამაშობს. მან თამაში ‘ტარანაკი ბულსში’ დაიწყო და როგორც პერსპექტიული მოთამაშე, მიწვეული იყო ‘ჩიფსის’ 20-წლამდელთა გუნდში, სადაც პირველ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ სუპერ რაგბიში თამაშმა არ მოუწია.
ამაანიმ 2024 წლიდან ავსტრალიაში ‘კანბერა ვიკინგსში’ გადავიდა და ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში რამდენიმე ლელოც გაიტანა.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება. მესამე ჯგუფში მისი მეტოქეები ტოპ 14-ის ‘ტულონი’ და ‘ვანი’, ინგლისური ‘ჰარლიქვინსი’, შოტლანდიური ‘ედინბურგი’ და უელსური ‘ოსფრიზი’ იქნებიან. რომელ გუნდებთან და სად (შინ თუ გარეთ) მოუწევს თამაში ‘შავ ლომს’, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
rugby.ge





