კუმანი: „ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მსურდა“

0
2

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის მე-3 მატჩში ტუნისთან 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ დასახული ამოცანა შეასრულეს.
„კმაყოფილი ვარ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მსურდა და დასახული ამოცანა შევასრულეთ. მხოლოდ იმან გამაოცა, რომ მატჩის მსვლელობისას იოლად მოვდუნდით.
ვფიქრობ, ეს იმას უკავშირდება, რომ ანგარიშში 2:0 ძალიან მალე დავწინაურდით. შესაძლოა, ასეთი რამ უფრო ძლიერ მეტოქესთან პრობლემა გახდეს, ხოლო მაროკო შემტევი გუნდია“ – იუწყება კუმანის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-3 წუთზე ნიდერლანდები სხირის ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ. მე-7 წუთე ტუნისელთა კარი ბრობიმ აიღო. 54-ე წუთზე აფრიკელებიდან ერთი ბურთი მასტიურიმ გაქვითა. 62-ე წუთზე ნიდერლანდებიდან თავი ვან ჰეკემ გამოიჩინა.
ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე გასული ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში 30 ივნისს საქართველოს დროით დილის 5 საათზე მაროკოს დაუპირისპირდება.
F ჯგუფში პარალელურად გამართულ მატჩში იაპონიამ და შვედეთმა ქულები გაიყვეს – 1:1. იაპონიამ 5 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და 1/16-ფინალში 29 ივნისს საქართველოს დროით 21:00 საათზე ბრაზილიას შეხვდება. იაპონელი ნაგატომო პირველი აზიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა.
შვედეთი 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო უქულო ტუნისი ბოლოზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი