
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელმ მესიმ ავსტრიასთან შესრულებული დუბლის შემდეგ განაცხადა, რომ პირველ ყოვლისა გამარჯვებამ გაახარა.
„პირველ ყოვლისა, ძალიან გამახარა მოგებამ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ. ახლა მომავალს შეგვიძლია მშვიდად შევხედოთ.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩი თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. ამ მომენტით ვტკბები და თანაგუნდელებთან ერთად წარამტების აღნიშვნის საშუალებას მოუთმენლად ველოდები. მთავარია, რომ პლეი-ოფში გავედით და ჩვენი გეგმა ყოველ მატჩში გამარჯვებაა.
ერთად როდესაც ვიკრიბებით, იმით ვტკბებით, რომ გვერდი გვერდ ვართ, ვვარჯიშობთ, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ყოველდღიურობით ვცხოვრობთ.
მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირობას რაც შეეხება, ყველაზე მეტად გამარჯვებამ გამახარა, რადგან გადამწყვეტი იყო. მხოლოდ ამის შესახებ ვფიქრობდით, რადგან ვიცოდით, რომ ნებისმიერ თამაში რთული იქნებოდა და არავინ არაფერს გვაჩუქებს.
განვლილ მატჩში იყო მომენტი, რომელმაც გული დამწყვიტა – ვერგატანილ პენალტს ვგულისხმობ, მაგრამ საკუთარი თავი ხელში მალე ავიყვანე“ – იუწყება არგენტინული მედია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ნათქვამს.
J ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინამ ავსტრიას 2:0 სძლია. მატჩის მე-9 წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში 3 თერთმეტმეტრიანი „გააფუჭა“.
38-ე წუთზე არგენტინელთა კარგი კომბინაცია მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მესიმ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლეომ დუბლი შეასრულა. მესიმ თავის ანაგრიშზე 18 გოლი ჩაიწერა და გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) რეკორდი მოხსნა.
მან კარიერაში სანაკრებო და საკლუბო დონეზე ჩატარებულ 1158 მატჩში 916 გოლი გაიტანა და 414 საგოლე პასი გააკეთა. 38 წლის მესიმ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 201 შეხვედრაში 122 გოლი მიითვალა.
მესიმ ჯგუფის პირველ მატჩში ალჟირთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 6 შეხვედრაში გამოიჩინა თავი, რაც მანამდე ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა და ბრაზილიელმა ჟაირზინიომ მოახერხეს. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 35 წლის ასაკს გადაცილებულმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, ის ერთადერთი, რომელიც მუნდიალების პლეი-ოფეში 6-ჯერ გავიდა. არგენტინას 6 ქულა აქვს და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი




