ლუის დე ლა ფუენტე: „ზრდა უნდა გავაგრძელოთ და მოვუმატოთ“

0
6

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის H ჯგუფი მეორე მატჩში  საუდის არაბეთთან 4:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო უნდა მოუმატონ.
„განსაკუთრებული პირველი და კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ყოვლისა, ეს საშუალებას გვაძლევს იმპულსი შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, რომლებიც გველოდება. ურუგვაისთან შეხვედრა ძალიან რთული იქნება. ჩვენ ეს მოთამაშეებთან განვიხილეთ, რომლებიც დაგვეთანხმნენ, რომ მეტი ვერტიკალური თამაში და ინტენსიურობა გვჭიდება.
პირველი წუთიდან მეტოქე წნეხში მოვაქციეთ და თავის საჯარიმოში ჩავკეტეთ. საქმისადმი ასეთი მიდგომით კმაყოფილი ვართ, მაგრამ ზრდა უნდა გავაგრძელოთ და მოვუმატოთ.
ლამინ იამალი იდეალური მდგომარეობაშია, რომ თავიდან ბოლომდე ითამაშოს. მისი მოედნიდან გაყვანა სწორედ ასეა სასარგებლო, რათა მომავალი თამაშისთვის „მშიერი“ იყოს.
ოიარსაბალზე რა უნდა ვთქვა? მას მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში ლამინ იამალმა გახსნა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი გოლით აღნიშნა. 21-ე წუთზე არაბები ოიარსაბალმა დაამწუხრა, რომელმაც სამ წუთში დუბლი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 49-ე წუთზე აზიელმა ფეხბურთელმა ტამბაკტიმ ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ესპანეთმა მუნდიალზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „ფურია როხამ“ ზედიზედ 33 ოფიციალური თამაში არ წააგო (26 გამარჯვება და 7 ფრე, პენალტებში მარცხი ამ სტატისტიკაში გათვალიწინებული არაა) და 1993-1998 წლებში ბრაზილიის ნაკრების მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ლაშა თაბაგარი