გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ქუთაისელებმა გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და 2:3 წააგეს.
მატჩის 22-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გურამ ჯაფარიძემ პასი კარის წინ გახსნილ მოლდოველ ფორვარდ დმიტრი მანდრიჩენკოს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
26-ე წუთზე ქუთაისელთა მცველმა დავით ბუკიამ საკუთარ საჯარიმოში თავით ცუდად დაუბრუნა ბურთი სერბ მეკარე ფილიპ კლიაიჩს და პასი ალბანელი უერდი მარას მისამართით გამოუვიდა, რომელმაც უმალ მანდრიჩენკო მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა – 0:2.
42-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს გიორგი არაბიძემ გადაცემა ბათუმელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც გამოსვლაზე მეკარე საბა ისმაილოვი შეცდა, ხოლო დავით ბუკიას თავით დარტყმული რევაზ ჩიტეიშვილს მოხვდა და კარში აღმოჩნდა – 1:2.
53-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში ბურთი ნიკა კალანდარიშვილმა მიიღო და ზუსტი პასი მისცა უერდი მარას, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:3. მე-60 წუთზე არაბძემ დაახლოებით 35 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „ცხრიანში“ ეფექტური გოლი შეაგდო – 2:3.
ბათუმელებმა 27 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, ხოლო „ტორპედო“ 26 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





