კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური სენსაციურად დაიწყო – გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის „ტორპედომ“ აუტსაიდერებში მყოფი „გაგრა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-2 წუთზე ქუთაისელთა მცველმა ცოტნე ნადარაიამ თავის ნახევარზე ძალიან ცუდი პასი გაუკეთა თანაგუნდელს და ბურთი ილია სკრიპნიკს ჩააბარა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა უკრაინელმა ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-15 წუთზე „ტორპედოს“ შეტევის დროს გერმანელმა მარჯენა მცველმა მოჰამედ შერიფმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
მე-20 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დავით მუჯირმა მახვილი კუთხიდან კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთ, რომელიც ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, შემდეგ თავში სერბ მეკარე ფილიპ კლიაიჩს და ბადეში აღმოჩნდა – 1:2.
პირველი ტაიმის მიწურულს სკრიპნიკმა დაახლოებით 20 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და „ტორპედო“ გოლის გაშვებას კლიაიჩმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში „ტორპედოს“ დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც 79-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ დიეგო დეისაძემ თავით დაარტყა და ბურთი ძედა ძელს მოხვდა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს – 26 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ „ტორპედოსთან“ 13-მატჩიანი მიუგებელი სერია დაასრულა – 17 ქულით მეცხრეა. დღეს გამართულ შეხვედრამდე გაგრელებმა ქუთაისელები ბოლოს 2022 წლის ნოემბერში დაამარცხეს.
ლაშა თაბაგარი





