კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში ისევ მოხვდა

0
2

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ მოხვდა. პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში 6 მაისს სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ დაუზავდა – 1:1. კვარაცხელიამ საგოლე პასი უსმან დემბელეს გაუკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ პარიზელებმა შინ პირველი შეხვედრა 5:4 მოიგეს, ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ.
„მიმდინარე კვირაში საუკეთესო გახდა წარმატებული დრიბლინგის რაოდენობით (შვიდი). სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსმან დემბელეს ასისტენტობა საუცხოოდ გაუწია. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა გარემარბმა მეექვსე საგოლე პასი შეასრულა“ – იუწყება უეფას ვებგვერდი კვარაცხელიას შესახებ.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები სრულად ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ რაია („არსენალი“).
მცველები: მარჯ პუბილი („ატლეტიკო“), ვილიამ სალიბა („არსენალი“), ვილიან პაჩო (პსჟ).
ნახევარმცველები: დეზირე დუე (პსჟ), დეკლან რაისი („არსენალი“), იოზუა კიმიხი („ბაიერნი“), ლუის დიასი („არსენალი“).
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუკაიო საკა („არსენალი“), უსმან დემბელე (პსჟ).
ლაშა თაბაგარი