ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, პორტუგალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში შინ „ვიტორია გიმარაეში“ 5:1 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ისევ თადარიგში იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩში ყველაფერი გარკვეული გახლდათ. ლისაბონელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ ორი გოლი გაიტანეს. ცნობისთვის, ერთადერთი ბურთიც საკუთარ კარში მასპინძლების მცველმა დებასტმა შეაგდო.
„სპორტინგი“ 76 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან ლისაბონის „ბენფიკას“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-11 ტურში „ანდიჟანმა“ სტუმრად „ხორაზმი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და მე-15 წუთზე დაახლოებით 23-24 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ის „ანდიჟანში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 11 შეხვედრაში გატანილი 2 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა.
„ხორაზმთან“ შეხვედრაში სტუმართა სასტარტოში ფორვარდი იმედა აშორტია იყო, რომელიც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს. „ანდიჟანი“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





