თურქეთის საკალათბურთო სუპერ ლიგის 28-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორმა“ სტამბოლის „გალათასარაი“ 79:69 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა შეიტანა.
რიდი მოედანზე 33:37 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა — მან 17 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა. ქულებით, პასებითა და 5 ჩაჭრით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო, ხოლო მოხსნების რაოდენობით საკუთარ გუნდში ლიდერობდა. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელმა 5-ჯერ დაკარგა ბურთი და ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და რიდმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა MVP-ის ტიტული.
მიმდინარე სეზონში რიდი საშუალოდ 23.4 ქულას, 5.3 პასსა და 3.6 მოხსნას აგროვებს, რითაც ის თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა როგორც ქულების, ისე ეფექტურობის მიხედვით. ამ გამარჯვებით „ტრაბზონსპორმა“ 18-10 ბალანსით მე-6 ადგილი გაიმყარა, „გალათასარაისთან“ უპირატესობა ორ მოგებამდე გაზარდა და პლეი ოფში თამაშიც ოფიციალურად გაინაღდა, მომდევნო შეხვედრას კი მარკის რიდის გუნდი 3 მაისს, სტუმრად „ტურკ ტელეკომის“ წინააღმდეგ გამართავს.





