კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში დაიწყო, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტემ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
თუ პირველ ტაიმში მასპინძლები დრო და დრო ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, შესვენების შემდეგ უპირატესობას მთლიდანად რუსთაველები ფლობდნენ.
მეორე ტაიმის შუაწელში „მეშახტეს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ბრაზილიელ ჟან ალმეიდას ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი ბადეს გარედან მოახვედრა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ დაახლოებით 20 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ლევან შოვნაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. შეხვედრის მიწურულს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა დავით უბილავამ ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა.
გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო ლადო ბურდულის თავკაცობით „მეშახტემ“ 9 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





