21-წლამდელებმა ლატვიასთან ქულა გადაარჩინეს

0
12

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლატვიასთან პირველი მატჩი სტუმრად 1:1 დაასრულა და საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვებას გეგმავდა. თუმცა, მოვლენები მოედანზე ჩვენდა სასიკეთოდ არ განვითარდა და საბოლოოდ ქულა გადავარჩინეთ.
მატჩის მე-14 წუთზე ლატვიელებმა კუთხური ჩააწოდეს და კარის შორეულ ძელთან მდგარი ლიზუნოვსის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მე-18 წუთზე გაბრიელ სიგუამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მკერდით გაისწორა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. 32-ე წუთზე ლიზუნივსმა ჩვენი საჯარიმოსი ხაზიდან სახიფათოდ შეუტია და პაპუნა ბერუაშვილმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
41-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ნიკოლოზ ჩიქოვანი მოძებნა, რომლის სახიფათო თავური მეკარემ გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ანდრია ბართიშვილი მარცხენა ფრთაზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის მიწურულს კვიპროსელმა მსაჯმა ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მცველი გიორგი გვასალია გააძევა. არადა, გვასალიას ნამდვილად არ უთამაშია ისე უხეშად, რომ პირდაპირ წითელი ბარათი ეჩვენებინათ. სვანაძემ ფორვარდი ნიკოლოზ ჩიქოვანი მცველ აკაკი გიუნაშვილითა შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ მეტოქის საჯარიმოში ირაკლი ეგოიანი მოძებნა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და პასი ბართიშვილს გაუკეთა, რომლის დარტყმული მცველმა მოიგერია. 53-ე წუთზე ლატვიელების კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში შეჭრილმა სტროდსმა „ცაციათი“ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:1.
ანგარიშის გახსნიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ბართიშვილის გადაცემის შემდეგ ლატვიელთა კართან ახლოს მყოფმა სიგუამ ვარდნაში ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ვერ გადაგზავნა. 75-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან შეუჩერებლად ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს აცდა.
85-ე წუთზე სიგუამ მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და  მარჯვენა მახვილი კუთხიდან ეგოიანის ძლიერად დარტყმული ბურთი სემეშკოს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. როტერდამის „ექსელსიორის“ ნახევარმცველმა 21-წლამდელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 89-ე წუთზე ლატვიელთა საჯარიმოში ეგოიანმ ბურთი მკერდით მიიღო და „მაკრატელა“ დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 18 ქულით საბერძნეთია, გერმანია 15 ქულით მესამეა, ჩრ.ირლანდია 7 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა. ჩვენი ახალგაზრდული 31 მარტს ქუთაისში მალტას უმასპინძლებს.
საქართველო – ლატვია 1:1 (0:0)
27 მარტი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო:
ბერუაშვილი, გვასალია, ამისულაშვილი ( პარკაძე, 73), ნარიმანიძე, ხარებაშვილი (ტაბატაძე, 73), სიგუა (კ), დადიანი, ეგოიანი, ჯაფარიძე (ცეცხლაძე, 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი, 44), ბართიშვილი (დეისაძე, 73).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ლატვია: პარფიონოვსი, ტიხონოვიჩსი, ნოსეგბე-სუშკო, სემეშკო, ლორმანისი, კრაგლიკსი (ჩესნიეკსი, 61), მეზსარგსი (ივულანსი, 76), ზალეიკო, პატრიკიევსი (კ), სტროდსი, ლიზუნოვსი (გაუჩისი, 76).
მთავარი მწვრთნელი: იაკუბ დოვალილი.
გოლი: 0:1 სტროდსი (53), 1:1 ეგოიანი (85)
გაფრთხილება:
ამისულაშვილი (47), ლორმანისი (50), ტაბატაძე (90)
გაძევება: გვასალია (41)
მთავარი მსაჯი:
კ. ფელასი (კვიპროსი).
ლაშა თაბაგარი