ვილი სანიოლი: „ორი კარგი მატჩის ჩატარება გვინდა“

0
17

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ეიმედება, რომ მარტის ამხანაგურ მატჩებში წარმატებას მიაღწევენ. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ასევე გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრო.
ვილი სანიოლი: „ვიცით, რომ ერთა ლიგა მხოლოდ სექტემბერში იწყება, თუმცა ბევრს ვმუშაობთ, რადგან ორი კარგი მატჩის ჩატარება გვინდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს, ორივე გარკვეული პრობლემებით ჩამოვიდა. არ ვიცი, ღირს თუ არა ახლა, ამხანაგურ  მატჩებში, რაიმე რისკზე წასვლა. განსაკუთრებით ჩაკვეტაძის შემთხვევაში – მას კარიერის განმავლობაში ტრავმებთან არაერთი პრობლემა ჰქონია. ამ ეტაპზე ის ჩვენთან ერთად არის და ვფიქრობ, ხვალ სამედიცინო შტაბთან კიდევ ერთხელ შევამოწმებთ მის მდგომარეობას, შემდეგ კი გადაწყვეტილებასაც მივიღებთ
არ მახსენდება ასეთი რამ მეთქვას, რომ კაპიტანი აუცილებლად ოთარ კიტეიშვილი უნდა ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებთან საუბრის შემდეგ მივიღეთ, მათ შორის კიტეიშვილთან და ოთარ კაკაბაძესთან.
აქამდე სხვადასხვა ტიპის კაპიტნები გვყავდა – ჯაბა კანკავა, რომელიც შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და გურამ კაშია თავისი თამაშის ხედვით. დიახ, ხვიჩა ახალი კაპიტანია და მას საკუთარი გზა უნდა იპოვოს. მან თავად უნდა აღმოაჩინოს, თუ როგორი კაპიტანი უნდა გახდეს, რადგან ეს მისი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ეს ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მჯერა – მას შეუძლია ძალიან კარგი კაპიტანი გახდეს.
ვფიქრობ, ჩვენმა გულშემატკივრებმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, აჩვენეს, რომ შეიძლება ევროპაში საუკეთესოებიც კი იყვნენ. მთელ მსოფლიოზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროპაში ნამდვილად გამორჩეულები არიან. 
მინდა, რომ ზუსტად ასეთები დარჩნენ და კვლავ დაგვეხმარონ, რადგან მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ გთხოვთ, ჩვენს გვერდით იყავით მაშინაც კი, როცა ეს რთულია. თუ ისევ ისეთი დიდი მომენტები გვინდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, მაშინ ყველას ერთად გვჭირდება ბრძოლ“.
საქართველოს ნაკრები 26 მარტს შინ თბილისში ისრაელთან ისპარინგებს, ხოლო 29 მარტს სტუმრად – ლიეტუვასთან.
ცნობისთვის, დევიდ უებმა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში საქმიანობა დაასრულა. ინგლისელი სპეციალისტი ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში 2023 წლიდან საქმიანობდა.
ლაშა თაბაგარი