საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა “მიხეილ მესხი 2”-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.
ჩვენი გუნდი 26 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს სტუმრად ლიეტუვას შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომელიც მარტის სპარინგებში არ ითამაშებს და ბოლო შეხვედრას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან ჩაატარებს. კაშიასთვის რუმინეთთან დაპირისპირება კარიერაში 129-ე იქნება. ის ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.
ლაშა თაბაგარი





