ლევან შენგელიამ ოფი-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი შეასრულა. 26-ე ტურში კრეტელები სტუმრად „არისს“ შეხვდნენ და პრინციპულ შეხვედრაში 2:0 აჯობეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პასი კარის წინ მდგომ ნუსს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 57-ე წუთზე „არისის“ კარი ფოუნრასმა აიღო. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემის გარდა, ერთი გოლია. ამ გამარჯვებით ოფი 30 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.
სოფიის ცსკა-მ, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, ბულგარეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში სახლში თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ 3:2 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. 22-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოშ მყოფმა დვალმა თავით გადაცემა გრივიჩს გაუკეთა, რომელმაც ასევე თავით გაიტანა. ცსკა 53 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





