ბორჯღალოსნებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში შვეიცარიას სტუმრად, ივერდონში 54:3 სძლიეს და ა ჯგუფში 5 ქულით დაწინაურდნენ.
ეს იყო მარკო ბარტოლამის სადებიუტო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში. ახალმა სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში 5 დებიუტანტი შეიყვანა, რომელთაგან ორმა (ოთარ მეტრეველი და ნიკოლოზ რეხვიაშვილი) თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, სამი (დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი) კი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.
ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შვეიცარიასთან მეასე კეპი მოიხვეჭა ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც რიგით მერვე ქართული ცენტურიონი გახდა. შეგახსენებთ, აქამდე საქართველოს ნაკრებში 100 და მეტი თამაში შემდეგ მორაგბეებს ჩაუტარებიათ: დავით კაჭარავა (122), სანდრო თოდუა (122), მერაბ კვირიკაშვილი (115), მერაბ შარიქაძე (104), შალვა მამუკაშვილი (103), გიორგი ჩხაიძე (100) და ლაშა მალაღურაძე (100).
ივერდონის „სტად მუნიციპალზე“ პირველ ტაიმში შეცდომები მრავლად დავუშვით, ფაქტობრივად უბურთოდ დავრჩით და მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოვახერხეთ. შესვენების შემდეგ თამაშის ხარიხსი გამოვასწორეთ, რაც უმალ აისახა შედეგიანობაზე. მეორე 40 წუთში საქართველომ 7-ჯერ მოახერხა მასპინძელთა დალელოვება და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში და ზოგადად პირველ ტაიმში ბევრი თერნოვერი შეგვემთხვა, ანგარიში მე-15 წუთზე ლელოთი გავხსენით. როგორც კი ფაზების აკინძვა შევძელით, ბურთი ფრთაზე ჩავათამაშეთ, სადაც გიორგი კვესელაძემ წინ წაიწია და ფეხით ითამაშა, ოვალს ოთარ მეტრეველი მიყვა და სადებიუტო შეხვედრაში პირველი ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ გარდასახა.
რადგან თამაში ამის შემდეგაც ვერ დავალაგეთ, შვეიცარია გათამამდა, რამდენჯერმე მწვავე შეტევის განხორციელება სცადა, მაგრამ წინსვლა არ ქონდათ და 23-ე წუთზე პორშერმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. ამ ეპიზოდში მსაჯმა იოანე იაშაღაშვილი გაასინბინა და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, თუმცა ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა – 7:3.
მეორე ტაიმში საქართველო მოედანზე სხვა განწყობით გამოვიდა. შეცდომები მინიმუმამდე დავიდა, ბორჯღალოსნები ინიციატივას დაეუფლნენ და რაც მთავარია ეს შედეგზეც აისახა. თამაშის განახლებიდან 4 წუთში, მოლიდან ბურთი ვასილ ლობჟანიძემ გაიტანა და მოკლე ფრთაზე აკაკი ტაბუცაძეს შეატევინა, რომელმაც მბოჭავი ჩამოიცილა და თავისი 51-ე სანაკრებო ლელო გაიტანა. მატკავას მთელს თამაშში ეს ერთადერთი გარდასახვა გაუცუდდა.
48-ე წუთზე მოლის შემდეგ ძალისმიერ სტილში გიორგი ჯავახიამ შეუტია და საქართველოს მესამე ლელო გაიტანა, რომელიც მატკავამ გარდასახა. 10 წუთში კარის წინ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ ბურთი კვესელაძეზე გავიდა, რომლის შეჩერებას რამდენიმე მცველი დაჭირდა და რაქიდან ლელოში ოვალი თორნიკე ჯალაღონიამ გადადო. 66-ე წუთზე დემურ თაფლაძის ჯერი დადგა. მეტოქის შერკინებიდან ბურთის წამოღების შემდეგ ის ხაზზე გავიდა, თაფლაძეზე ბოჭვა გაფუჭდა და მანაც საქართველოს მეხუთე ლელო გაიტანა – 33:3.
დასკვნით 10 წუთში კიდევ სამი ლელო გავიტანეთ და სხვაობა სოლიდური გავხადეთ. 71-ე წუთზე ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ დუბლი ჯალაღონიამ შეასრულა. 74-ე წუთზე ცენტრში გადაცემა თედო აბჟანდაძემ ჩაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო 77-ეზე თაფლაძემ რაქიდან სწრაფად შეუტია და მისი ლელოს შემდეგ მატკავამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 54:3.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას საქართველო 15 თებერვალს ასევე სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 33:51 დამარცხდა. მეორე ჯგუფში პორტუგალიამ ბელგიას სტუმრად 47:17 მოუგო, ხოლო გერმანიამ რუმინეთი სენსაციურად, 30:24 დაამარცხა.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ა ჯგუფი. I რაუნდი. 8 თებერვალი (კვირა)
შვეიცარია. ივერდონი. „სტად მუნიციპალი“.
საქართველო – შვეიცარია 54:3 (7:3)
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. გელა აფრასიძე (პერპინიანი).
8 ლელო: მეტრეველი, ტაბუცაძე, ჯავახია, ჯალაღონია (4, 6), თაფლაძე (5, 7), აბჟანდაძე
7 გარდასახვა: მატკავა
rugby.ge





