„დინამო“ „შახტართან“ განადგურდა

0
38

თბილისის „დინამოსთვის“ თურქულ შეკრებაზე ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილები უკრაინულ გრანდს დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდნენ და 2:7 განადგურდნენ.
მატჩის მე-2 წუთზე თბილისელების კარგი კომბინაცია მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი ხარებაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. მე-17 წუთზე პარტნიორის პასის მერე, „დინამოს“ საჯარიმოში გახსნილმა კაუა ელიასმა მცველმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. 21-ე წუთზე ნიკა უგრეხელიძემ საჯარიმოს გარეთ გამოსულ მეკარე მიხეილ მაქცარიას ცუდად დაუბრუნა ბურთი, რომელიც საბოლოოდ კარში აღმოჩნდა. 41-ე წუთზე „შახტარის“ მცველმა თავის ნახევარზე უხეირო პასი გაუკეთა თანაგუნდელს და ოსეი ბარნსმა ერთი შეხებით უკრაინელთა მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ზუსტად გადაუგდო. 44-ე წუთზე ბონდარენკომ პენალტი შეასრულა და უკრაინელები დააწინაურა.
48-ე წუთზე დონეცეკელებიდან თავი ნაზარინამ გამოიჩინა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან გაიტანა. 52-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოს ხაზიდან ლუკას ფერეირამ შეაგდო. 63-ე წუთზე ობაჰმა თავით თბილისელთა კარი აიღო. 87-ე წუთზე ნაზარინამ დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მაქაცარია, გვასალია, ლომიძე, უგრეხელიძე, სანტუში, ნინუა, ოსეი, იორო, გ. ხარებაშვილი, მონტეირუ, სირაძე.
სათადარიგოები: ჩოჩოშვილი, შათირიშვილი, დონკორი, წულაია, ხარაიშვილი, საბა ხარებაშვილი, შაშიაშვილი, ვაწაძე, პატარკაციშვილი, დოლტმურზიევი, დიაკონიძე, ხალიფა, მიქაუტაძე.
„შახტარის“ განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი არ იყო.
ლაშა თაბაგარი