ავთანდილ ასათიანი: “ჩემი ნაკრებით ამაყი ვარ”

0
35

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი თავისი ფეხბურთელებით ამაყია. მან ამის შესახებ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფის მე-2 ტურში ხორვატებთან 2:2 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
ავთანდილ ასათიანი: „ჩემი ნაკრებით ამაყი ვარ. გამოჩნდა, რომ ლატვიასთან მარცხი შემთხვევითობის ბრალი იყო. ჩანს, რომ ქართული ფუტსალი სწორ გზაზეა, რადგან ხორვატია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ნაკრებს შეუძლია  მაღალი მიზნისთვის იბრძოლოს. ძალიან მიხარია, რომ ალიმ იპოვა თავისი თავი ჩვენს გუნდში. ასეთი დონის თამაშში პირდაპირ დადგე ყოველთვის რთულია და ვულოცავ მას. ბიჭებმაც შეუწყვეს ხელი, რადგან ერთიანობის გარეშე წარმატებას ვერავინ მიაღწევს. მიხარია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გახდა. ეს მაგალითია იმისი, რომ ყველას შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი“.
განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჩვენი გუნდის მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელიც ფერეიდნელი ქართველია. მან თამაშის მერე ასეთი კომენტარი გააკეთა:
ალი ასლანი: „ხორვატია ძალიან მაგარი გუნდია, რომლის ფეხბურთელები ტოპდონეზე თამაშობენ. შესანიშნავი თამაში იყო. ტურნირი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგი იყო. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს, ფუტსალი გუნდური სპორტია და არა მხოლოდ ერთი მოთამაშის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან.
საფრანგეთთან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შესაძლოა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. დიდ პატივს ვცემთ საფრანგეთს. ვიცით, რომ ძლიერია და ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ საქართველო ვართ, უშიშარი ხალხი ვართ. არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ“.
გიორგი ღავთაძე: „მინდა, აღვნიშნო, ჩვენი მეკარის თამაში, ძალიან ბევრი ბურთი მოიგერია. ვფიქრობ, წინა მატჩისგან განსხვავებით გვეტყობოდა გუნდურობა, ბრძოლა, გვინდოდა, რომ შანსი კიდევ დარჩენილიყო. გამოგვივიდა, საფრანგეთთანაც თუ ასე ვითამაშებთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება“.
ვახტანგ ჯვარაშვილი: „დადებითად შევაფასებ ამ თამაშს, რადგან ეს ქულა ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, მესამე მატჩს მოვიგებთ და ჯგუფიდან გავალთ“.
ვახტანგ კეკელია: „მძიმე სტარტი გამოგვივიდა. ხორვატიის მსგავს ძლიერ ნაკრებთან ქულის აღება მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფეხბურთელებს მოტივაციას გვაძლევს მომდევნო მატჩისთვის, რადგან ბრძოლაში ვრჩებით და ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია“.
ერთი ქულის მქონე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო თამაშს 28 იანვარს კაუნასში საფრანგეთთან ჩაატარებს და აუცილებლად მოგება სჭირდება, რათა 1/4-ფინალში გასვლის შანსი დაიტოვოს.
ფრანგები 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. ლატვიის ნაკრები 3 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხორვატია 2 ქულით მესამეა, ხოლო საქართველო ერთი ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი