კვარაცხელიას საუცხოო გოლი „სპორტინგთან“ წაგებულ მატჩში

0
30

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი მე-7 ტურში სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.
პსჟ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და სამი გოლი გაიტანა, რომელთაგან არცერთი ჩაითვალა – ორჯერ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, ხოლო ერთხელ მეკარეზე უხეშობა.
74-ე წუთზე „სპორტინგმა“ კუთხური ჩააწოდა და ჯენი კატანოს მიერ დაახლოებით 20 მეტრიდან დარტყმული ბურთი საჯარიმოში მყოფი ვაგიანიდის ფეხიდან კოლუმბიელ ლუის სუარესს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. 79-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეწეულმა შორეულ კუთხეში საუცხოო გოლი შეაგდო – 1:1.
90-ე წუთზე ტრიანკაომ პარიზელთა საჯარიმოსი ხაზიდან დაარტყა და შევალიემ ბურთი მოიგერია, მაგრამ სუარესმა ნუნუ მენდეშს დაასწრო და თავით გამარჯვების ბურთი გაიტანა – 2:1. ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე კვარაცხელიას უხეშობისთვის ყვითელი ბარათი აჩვენეს. ქოჩორაშვილი მოედანზე 96-ე წუთზე შევიდა და ბურთს არც შეხებია.
მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 2 საგოლე პასიც გააკეთა. კვარაცხელიამ საერთო ჯამში კარიერაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 15-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
პსჟ 13 ქულით ლგის ფაზის 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ლუის ენრიკეს შეგირდები გათამაშების ამ ეტაპზე ბოლო თამაშს შინ 28 იანვარს „ნიუკასლთან“ ჩაატარებენ.
„სპორტინგმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 4 მატჩი პირველად მოიგო და 13 ქულით მეექვსეა. ლისაბონელები ლიგის ფაზაზე ბოლო შეხვედრას 28 იანვარს სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ გამართავენ.
ლაშა თაბაგარი