ქუთაისის “ტორპედო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრებას კვიპროსში გაივლის. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ტორპედო” ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს 16 იანვრიდან დაიწყებს. გუნდი თბილისში შეიკრიბება, 16–17 იანვარს ფეხბურთელები სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, პარალელურად კი ფიზიკური ტესტირებები და მსუბუქი საწვრთნელი სესიები ჩატარდება.
18 იანვრიდან გუნდი მზადებას ქუთაისში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს, სადაც ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი ორჯერადი ვარჯიშებისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვებისთვის. 24 იანვარს პირველი ამხანაგური მატჩი ქუთაისში “სამგურალის” წინააღმდეგაა დაგეგმილი.
8 თებერვალს გუნდი კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 20 თებერვლის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას ჩაატარებს. ამ პერიოდში კლუბს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი.
12 თებერვალს ჩვენი მეტოქე დანიური “ლუნგბიუ” იქნება. 15 თებერვალს სომხეთის ჩემპიონატის ლიდერ “არარატ არმენიას” დავუპირისპირდებით, 18 თებერვალს გასამართი მატჩის შესახებ კი კლუბი ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი ეროვნული ლიგისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს”.
ცნობისთვის, “ტორპედომ” გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





