უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში, თბილისის „დინამო“, რომელსაც დავით გელაშვილი წვრთნის, სტუმრის სტატუსით ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მინსკის „დინამოს“ შეხვდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ფიფამ ბელარუსის ნაკრებებსა და კლუბებს შინ მატჩების ჩატარება აუკრძალა, რის გამო, ორივე შეხვედრა თბილისში ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ შეხვედრაში მინსკელები მასპინძლები იყვნენ, სტადიონზე გულშემატკივრები არ დაიშვებოდნენ.
მატჩის მე-13 წუთზე მინსკელთა საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგომ ჰალიდ დოლტმურზიევს მეტოქის ფეხბურთელის ფეხიდან მიუვიდა ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა და შემოტრიალებით კარში გადაგზავნა – 0:1.
მე-18 წუთზე თბილისელთა კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დოლტმურზიევმა ერთი მცველი ჩამოიცილა და პასი გიორგი გვასალიას მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:2. ტაიმის მიწურულს ბელარუსთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა თემურ ოდიკაძემ გადაცემა გუნდის კაპიტან ცოტნე ბერელიძეს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „დინამოს“ შეტევის დროს დოლტმურზიევმა ნომინალური მასპინძლების ნახევარზე გვასალია მოძებნა, რომელმაც ძალიან კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჰალიდი, ამ უკანასკნელმა კი ბურთი კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში მინსკელთა იერიშის დროს შესვენების მერე შეცვლაზე შესულმა ლუცკოვიჩმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და დაარტყა. რომელიც დაჩი ჩოჩოშვილმა ფეხით მოიგერია.
58-ე წუთზე ბერელიძემ მინსკელთა ნახევარზე მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დოლტმურზიევი მოძებნა, რომლის დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტი აღმოჩნდა. 64-ე წუთზე ვოსკობოინიკოვმა ბურთი თბილისელთა საჯარიმოში მიიღო და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა, ჩოჩოშვილმა დამაჯერებლად ითამაშა. 87-ე წუთზე ბელარუსთა საჯარიმოში მყოფმა ოდიკაძემ „მაკრატელა“ დაარტყა და ტრავმა მიიღო, რის გამო განელმა ნანა კოფი დონკორმა შეცვალა.
10 დეკემბერს თბილისის „დინამო“ საპასუხო მატჩს ამავე არენაზე ჩაატარებს და გულშემატკივრებიც დაიშვებიან. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული მომავალ წელს ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





