მორიგი ესპანური საფეხბურთო გაკვეთილი

0
19

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში E ჯგუფში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდა, რომელმაც ისევ მცირე შანსიც კი არ მოგვცა, რომ თუნდაც ქულის ასაღებად გვებრძოლა. „ფურია როხან“, რომელსაც 2008-2012 წლების „ოქროს თაობის“ შემდეგ, ახლა საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თამაში პირველ ტაიმში დაგვიმთავრა. ესპანეთმა ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით ძირითად დროში ზედიზედ 30 მატჩი არ წააგო და ვისენტე დელ ბოსკეს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ხელმძღვანელობით 2010-2013 წლებში მიჯრით 29 თამაშში არ დამარცხდა. დე ლა ფუენტეს თავკაცობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო, ხოლო დელ ბოსკემ პირენელებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის პირველობაზე გაამარჯვებინა.
სანიოლმა საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა: დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე შეწყვილდნენ, მარჯვენა ფლანგზე ვლადიმერ მამუჩაშვილი მოქმედებდა, ხოლო მარცხენაზე – გიორგი გოჩოლეიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ზურიკო დავითაშვილი თამაშობდნენ. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იური ტაბატაძე მოქმედებდა, რომელსაც დებიუტი ქჰონდა, მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იყო. თავდასხმაში მხოლოდ ბუდუ ზივძივაძე ირჯებოდა.
მატჩის მე-8 წუთზე ესპანელების იერიში კარში არაზუსტი დარტყმით დასრულდა. თუმცა, მსაჯმა გიორგი მამარდაშვილს ბურთის თამაშში შეყვანის უფლება არ მისცა, რადგან VAR-ის ოთახიდან მანამდე მომხდარი ეპიზოდი გადამოწმებკენ მიუთითეს. ბენუა ბასტიენმა მიიჩნია, რომ საჯარიმოში მყოფი ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ, გოჩოლეიშვილს ბურთი ხელში მოხვდა და პენალტი დანიშნა. ოიარსაბალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1.
მე-17 წუთზე ბაენამ ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 22-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და რუსიმა საუცხოო პასით მამარდაშვილთან პირისპირ სუბიმენდი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:2.
29-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა კუთხური გაითამაშა და დავითაშილმა სტუმართა კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მყოფი გოგლიჩიძის დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. 34-ე წუთზე ესპანელების მორიგი კარგი კომბინაციის შემდეგ, საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ოიარსაბალმა კართან ორიოდე მეტრში მდგომი ფერან ტორესი მოძებნა, რომელმაც გაიტანა – 0:3. ტაიმის ბოლოს წუთზე პორომ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ოიარსაბალამ შეუჩერებლად დაარტყა, ხოლო მამარდაშვილმა ფეხით კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან გადაგვარჩინა.
გოგლიჩიძე შესვენებაზე გურამ კაშიამ შეცვალა, რომელსაც კვაარცხელიამ კაპიტნის სამკლავური გადასცა. მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გოჩოლეიშვილმა ჩააწოდა და ტაბატაძემ საჰაერო ორთაბრძოლა კუკურელიას მოუგო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მე-60 წუთზე მექვაბიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და უნაი სიმონმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
63-ე წუთზე „ფურია როხას“ კიდევ ერთი შეტევის მერე, ფერან ტორესმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ოირსაბალმა მამუჩაშვილა აჯობა და თავით ოსტატური გოლი გაიტანა – 0:4. 74-ე წუთზე მამარდაშვილმა მასთან პირისპირ გასულ ოიარსაბალს არ გაატანინა და დავითაშვილმა კონტრშეტევა დაიწყო, რომლის დროს მეტოქის ნახევარზე გადასულმა საჯარიმოში კვარაცხელია მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმული სიმონმა გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში საქართველოს ნაკრების შეტევა დაახლოებით 22-23 მეტრიდან გიორგი წიტაიშვილმა არაზუსტი დარტყმით დაასრულა. 86-ე წუთზე კვერნაძემ სტუმართა საჯარიმოსთან მეორე სართულზე კუკურელიას აჯობა, ხოლო გოჩოლეიშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ლორენტეს ფეხიდან ბურთი ჯერ კუბარსის მოხვდ, შემდეგ კი – გვერდით ძელს.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენს საჯარიმოში მყოფმა ბაენამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მამარდაშვილმა გადგვარჩინა, ხოლო იგლესიასმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. 90-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კარს აცდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან პინოს დარტყმული ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. 93-ე წუთზე წიტაიშვილის პასის მერე, გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ წინ გაიგდო ბურთი და ლაპორტი წამოწია, თან სიმონმაც კარი დროულად დატოვა.
E ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა შინ ბულგარეთს 2:0 აჯობა.
საქართველოს ნაკრები, რომელიც 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო თამაშს 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს. იმავე დღეს ჯგუფის ლიდერი ესპანეთი (15 ქულ) მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (12 ქულა) უმასპინძლებს.
საქართველო-ესპანეთი 0:4 (0:3)
15 ნოემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე (კაშია 46), ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი; მექვაბიშვილი (წიტაიშვილი 72), კიტეიშვილი; ტაბატაძე (კვერნაძე 57), დავითაშვილი (აბუაშვილი 85), კვარაცხელია; ზივზივაძე (ქვილითაია 72).
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
ესპანეთი: სიმონი; პედრო პორო (ლორენტე 46), კუბარსი, პალორტი, კუკურელია; სუბიმენდი, ფაბიან რუისი (ბარიოსი 62), მერინო (ლოპესი 62); ფერან ტორესი (პინო 80), ოიარსაბალი (იგლესიასი 71), ალექს ბაენა.
მთავარი მწვრთნელი:
ლუის დე ლა ფუენტე.
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (11, პენ), 0:2 სუბიმენდი (22), 0:3 ტორესი (35), 0:4 ოიარსაბალი (63)
გაფრთხილება: მერინო (57)
მთავარი მსაჯი:
ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი).
ლაშა თაბაგარი