ვილი სანიოლი: “ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ”

0
27

ვილი სანიოლის აზრით, საქართველოს ნაკრები ამჟამად რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ფრანგ მწვრთნელს სჯერა, რომ მომავალი წლისა მარტსა და სექტემბერში უკეთეს გუნდს ვიხილავთ. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში ესპანეთთან 0:4 წაგების შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: “თამაშის შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით იმაზე, რომ დაცვაში საკმაო მუშაობა მოგვიწევს. რიგ მომენტებში სუსტად გამოვიყურებოდით. თუმცა, წინა მატჩებთან შედარებით შეტევში უფრო უკეთესად გამოვიყურებოდით და რამდენიმე მომენტი გვქონდა.  ბურთის ფლობაც უკეთესი იყო. მთავარი ისაა, რომ ამჯერად ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ და იყო რამდენიმე დადებითი ფაქტორი. თუმცა, როცა ასეთი კლასის გუნდს ხვდები, დაცვაში ბევრად უფრო თავდაჯერებულად უნდა ითამაშო.
მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული არის თაობათა ცვლის პროცესი. ეს პირველ ყოვლისა დაცვის ხაზშია საჭირო. არ მგონი, რომ ვინმე ჩემს ნაცვლად მოვიდეს და მოახერხოს სწრაფად ამ ცვლილებების გაკეთება. 5 წლის მერე ალბათ, კარგად მიცნობთ და გულწრფელად ვლაპარაკობ ყველა პრობლემაზე, გამოწვევაზე და ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ. შემიძლია გითხრათ, რომ დაცვითი ხაზის გადახალისებას საკმაო დრო დასჭირდება, მომენტალურად არ მოხდება, მაგრამ მჯერა, რომ ამას შევძლებთ და მომდევნო მატჩებისთვის მარტსა და სექტემბერში, უფრო კარგად ვიქნებით მზად. მჯერა, რომ ბევრად უკეთეს გუნდს იხილავთ.
პირველ ყოვლისა, შევხედავთ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას, მაგრამ ბულგარეთთან მატჩში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. რაც შეეხება ბერიაშვილს, ის უკვე გამოვიძახეთ ნაკრებში და ბულგარეთში შემოგვიერთდება.
ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათი სათამაშო სტილი, ბურთის ფლობა, ვნება, ტემპი განსხვავებულია და რამაც ჩვენს ბევრ მოთამაშეს პრობლემები შეუქმნა. იმიტომ რომ ასეთ თამაშში დარჩენა ადვილი არაა. თამაშში დარჩენას ძალიან მომწიფებული გუნდი სჭირდება, ყველა ეპიზოდში, ყოველ წუთში სრული კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნო. ჩვენთვის კი, განსაკუთრებით ბევრი ფეხბურთელისთვის, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები არიან, ეს რთულია. ისინი ვერ ახერხებენ ყოველთვის იმას, რაც მათ მოეთხოვებათ. მათ ასევე აკლიათ გამოცდილება ასეთ ურთულეს შეხვედრებში.
ვიცი, ასეთ თამაშის შემდეგ მუდამ ცოტა სევდა რჩება, რადგან ზეწოლა დიდია. ესპანეთსა და საქართველოს შორის განსხვავება ძალიან დიდია, ძალიან დიდი. შეიძლება პრობლემას ათი სხვადასხვა კუთხით შეხედო, მაგრამ ეს განსხვავება მაინც იქნება, ეს ქვეყანა ფეხბურთში ყოველთვის ჩვენზე სამი–ოთხი ნაბიჯით წინ იქნება.
როგორც ვთქვი, დღევანდელი თამაში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა და ეს მაფიქრებინებს, რომ რაღაც ნამდვილად შეიცვალა. ამ გზით უნდა გავაგრძელოთ. რადგან ამ ეტაპზე ვიცით, რომ ჩვენი დაცვის ორგანიზაცია ცოტა მოიკოჭლებს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ გზით დავუბრუნდებით პოზიტიურ დინამიკას და შევძლებთ ისეთივე მომავლის აშენებას, როგორიც შარშან გვქონდა“.
საქართველოს ნაკრები, რომელიც 3 ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო თამაშს 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს. იმავე დღეს ჯგუფის ლიდერი ესპანეთი (15 ქულ) მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (12 ქულა) უმასპინძლებს.