კვარაცხელია პარიზში „ბაიერნთან“ დამარცხდა

0
10

პსჟ-მ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პირველი მატჩი წააგო. მე-4 ტურში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და უქულოდ დარჩა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის მე-4 წუთზე გნაბრიმ ქუსლით გაკეთებული ძალიან კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ოლისე დატოვა, რომლის დარტყმული შევალიემ მოიგერია, მაგრამ ლუის დიასმა ზუსტად დაამატა – 0:1. 22-ე წუთზე უმასნე დემბელემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თამაშგარე დააფიქსირა. 25-ე წუთზე დემბელეს ტრავმა გაუმიზეზდა და კანინ ლიმ შეცვალა.
32-ე წუთზე მარკინიოსმა თავის საჯარიმოსთან ახლოს ჰარი კეინს საჰაერო ორთაბტძოლა კი მოუგო, მაგრამ შემდეგ „ჩამოეძინა“ და ბურთი ლუის დიასმა წაართვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დიასი ბურთი წართმევის დროს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა ჰაკიმის და ტრავმა მიაყენა, რის გამო გააძევეს, ხოლო მაროკოელი მცველი მაიულუმ შეცვალა. დიასი ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და წითელი ბარათი მიიღო. მანამდე, იმავე მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გააკეთა.
პირველ ტაიმში ფეხებში კვარაცხელიასაც მაგრად მოხვდა და არც მეორეში დაუკლიათ. ის ტრადიციულად აქტიურობდა და თამაშის მიწურულს საჯარიმოს გარედან სახიფათოდაც დაარტყა. 74-ე წუთზე კანინ ლიმ გერმანელთა საჯარიმოში ჟოაო ნევეში მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში შეამცირა.
პსჟ 9 ქულით ლიგის ფაზის 36 გუნდში მე-3 ადგილზეა. პარიზელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს შინ ლონდონის „ტოტენჰემთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი