„იბერია“ თასის ფინალში მეოთხედ გავიდა

0
17

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ფინალისტი თბილისის „იბერიაა“. 1/2-ფინალში გუგა ნერგაძის გაწვრთნილმა გუნდმა „მიხეილ მესხზე“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხეს, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი თავკაცობს.
მატჩის მე-9 წუთზე ლუკა სილაგაძემ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა – მათე თურმანიძეს ბურთი ხელებიდან გაუვარდა, ხოლო იქვე მყოფმა თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში გახსნა – 1:0.
27-ე წუთზე უკრაინელმა არტემ მილჩენკომ მასპინძლების საჯარიმოში პასი თანამემამულე დმიტრი მანდრიჩენკოს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და საპასუხო ბურთი გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
54-ე წუთზე ტუნისელმა ცენტრალურმა მცველმა უაჰაბიმ არცთუ კარგად დაუბრუნა ბურთი თურმანიძეს, რომელმაც თავის მხრივ მოგერიების დროს შეცდომა დაუშვა და ნიკოლოზ დადიანმა „დააფარა“, რის შემდეგ თბილისელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა – 2:0.
73-ე წუთზე „იბერიას“ ფეხბურთელმა თავისი ნახევრიდან გრძელი გააკეთა ლუკა სილაგაძის მიმართყლებით, რომელმა ჯერ უაჰაბის პოზიციური შეცდომით ისარგებლა და ბურთს დაეუფლა, ხოლო შემდეგ საჯარიმოში შესული ტუნისელს გაექცა, რასაც დარტყმა მიაყოლა – ძელიდან ასხლეტილს შეცვლაზე შესულმა ამირან ძაგანიამ დაამატა 3:0.
81-ე წუთზე მეკარე გიორგი მაკარიძემ ხელით გადააწოდა თავის ნახევარზე ბურთი თანაგუნდელს, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და საჯარიმოში გახსნილი ძაგანია მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა უეჰაბის დაასწრო, რის შემდეგ ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 4:0. 88-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა დაჩი აბუსელიძემ კარში დაარტყა და ბურთი დორასო კლასის ფეხიდან ლუკა წულუკიძეს მიუვიდა, რომელმაც თავით გაიტანა – 4:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ძაგანიას პასით სილაგაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.
საქართველოს თასის ფინალში „იბერია“ გორის „დილას“ შეხვდება. ცნობისთვის, მანამდე თბილისელებმა ფინალში სამჯერ ითამაშა და ყველა თამაში მოიგეს. შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატებიც სწორედ ეს გუნდები არიან.
ლაშა თაბაგარი