შერმადინი “უნიკახასთან” საუკეთესო იყო

0
9

ესპანეთის ჩემპიონატს 2 ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – 4-დან 4 გამარჯვების მქონე ვალენსია და ტენერიფე. ამ უკანასნელის ლიდერი გიორგი შერმადინია, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ, მე-4 ტურის მატჩში შერმადინი ისევ გამოირჩა. მან თავისი გუნდის მორიგ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წილი დაიდო.
ტენერიფემ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ უნიკახას უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. მასპინძლებს მარსელო უერტასმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. ბრაზილიელმა თამაში 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, ქართველმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. შერმადინი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა.
მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში ბასკონიას ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას ტოფაშთან ითამაშებს.