საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ესპანეთში მიმდინარე შეკრება და მოახლოებული მატჩები ჩვენი გუნდის და “ლივერპულის” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეაფასა.
გიორგი მამარდაშვილი: “ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რთული თამაშები ჩავატარე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
