კაცნაკლულმა „დინამომ“ ლიდერი დაამარცხა – „დილამ“ მესამე წრე მოიგო

0
18

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამომ“ გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-10 წუთზე „დინამოს“ განელი გარემარბი ბარნს ოსეი მოედნის ცენტრში ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, აფრიკელი გააძევა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მცველის მიერ მოგერიებული ბურთი კოტდივუარელმა აბდულაიე იორომ ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი „ცხრიანში“ გაგზავნა და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში „დილას“ მალელმა ნახევარმცველმა აბუბაქარ კონტემ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და მასპინძლების მცველ გელა სადღობელაშვილის ფეხიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
74-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გარე ტერფით კარგი პასი მისვა საჯარიმოში გახსნილ ბურკინა-ფასოელ არუნა უატარას, რომლის თავურის შემდეგ გიორგი ლორიამ ნახტომში „დინამო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
87-ე წუთზე იორომ გორელთა საჯარიმოს სიახლოვიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მეკარე დავით კერესელიძემ იყოჩაღა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თბილისელთა საჯარიმოში შოთა შეყილაძემ მიიღო ბურთი და დაარტყა, მაგრამ ლორიას „მაშველად“ გვერდითი ძელი მოევლინა.
თამაშის ბოლო წუთზე სენეგალელმა ონორე გომისმა „დილას“ მეკარესთან პირისპირ მათე ვაწაძე გაიყვანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
„დილა“ ზედიზედ 6 თამაშის მოგების შემდეგ დამარცხდა და 59 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 45 ქულა დააგროვა და მესამეა.
ბრაზილიელი ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო და 1:0 სძლია. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა პაბულუ რიანმა მე-60 წუთზე გაიტანა. „სამგურალი“ 29 ქულით მეშვიდეა, ხოლო „თელავი“ 25 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი