დავითაშვილის კარგი მატჩი „ამიენთან“

0
2

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმის მორჩენის შემდეგ, „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში „სენტ-ეტიენმა“ სტუმრად „ამიენს“ 1:0 მოუგო და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის დასაწყისში დავითაშვილმა ქუსლით კარგი პასი მისცა სტასენს, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთს მცველი გადაეფარა.
78-ე წუთზე დავითაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ცოცხალ „კედელს“ მოხვდა და ისევ ზურიკოს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში შეჭრილმა ტყავის სფერო გვერდით ძელს მოახვედრა, ხოლო დამატებაზე სტასენმა გაიტანა.
„სენტ-ეტიენი“ 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი